ნიკას პოზიციიდან გამომდინარე, მოსამართლე, ისევე როგორც თანამშრომლები, ჩართული იყვნენ ერთიან კრიმინალურ ჯაჭვში, რაც დაკავშირებული იყო მის უკანონო გატაცებასთან, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას ახალი ბრალდება 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს.

"ნიკა მელიას ბრალდება წარედგინა 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ბრალდების განმარტებით, გულისხმობს მოსამართლის შეურაცხყოფას. ბრალდების ფორმულირებით, რომ მან მოსამართლეს წყალი შეასხა სასამართლო პროცესზე, ეს დაკვალიფიცირდა აღნიშნული დანაშაულით, თუმცა ცალსახად აღვნიშნავ, ნიკას პოზიციიდან გამომდინარე, მოსამართლე, ისევე როგორც თანამშრომლები, ჩართული იყვნენ ერთიან კრიმინალურ ჯაჭვში, რაც დაკავშირებული იყო მის უკანონო გატაცებასთან, შემდგომ მასთან მიმართებით არაერთ უკანონო ქმედებასთან. გავიდა ორ კვირაზე მეტი ნიკას გატაცებიდან და არც გამოძიება დაუწყიათ, არცერთი დოკუმენტი აღნიშნულ დაკავების საქმეზე არ გადმოგვცემია, სასამართლოზე საქმე არ მიიტანეს. ცალსახაა, რომ სახეზეა პოლიტიკური ლიდერის უკანონო გატაცება", - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას პროკურატურამ მოსამართლის შეურაცხყოფის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 2 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.