ლაჩრულად, ვერაგულად მე კი გამიტაცეს – გამაგდეს ჩემი სათაყვანებელი საქართველოდან, მაგრამ ყველამ იცოდეს, მე ფარ-ხმალი არ დამიყრია. ივანიშვილის რუსულ რეჟიმს: მალე გაჩვენებ სეირს, - ამის შესახებ ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე წერილში წერს.  

ის მოქალაქეებს სთხოვს, თავის მეგობარ ქალ ნინოს, რომელიც საქართველოში დარჩა, უპატრონონ და ყურადღება მიაქციონ, რადგან "უსინდისოებს მიზანში ჰყავთ აყვანილი".

"ჩემო თანამებრძოლო დებო და ძმებო!

ლაჩრულად, ვერაგულად მე კი გამიტაცეს – გამაგდეს ჩემი სათაყვანებელი საქართველოდან, მაგრამ ყველამ იცოდეს, მე ფარ-ხმალი არ დამიყრია! ჯერ ადრეა დანებება! ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ისევ თქვენ გვერდით ვარ უფრო გაძლიერებული, უფრო გაბრაზებული და რაც მთავარია, სრულიად თავისუფალი!

ჩემი ბრძოლა სამშობლოსთვის აქედანაც გაგრძელდება ბოლომდე, გამარჯვებამდე! თუმცა ჩემი დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, სხვა და უფრო ეფექტიანი ფორმებით მანამ, სანამ ყველა ერთად დედასამშობლოში გამარჯვებას არ ვიზეიმებთ. 

11 ივნისს 03:07 საათზე საქართველო-თურქეთის საზღვარზე ხმამაღლა რაც დავპირდი მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, თემურ ცერცვაძეს, ჩემი უკანონო ექსტრადირების დამსწრეს 100-მდე [ქართველი-თურქი] მილიციელის წინაშე ჩემი მარჯვენა მუშტის მაღლა აწევით, მალე შევასრულებ იმ პირობას, როგორც „ჯინიანი ქართველი“.

ივანიშვილის რუსულ რეჟიმს: მალე გაჩვენებ სეირს! მხოლოდ ერთი პირადი სათხოვარი მაქვს თქვენთან, ჩემი სული და გული, ჩემი ნინო [მეგობარი ქალი] მარტო დამრჩა იქ და უსინდისოებს მიზანში ჰყავთ აყვანილი. ნინო არ დამიტოვოთ უყურადღებოდ. ჩემს დაბრუნებამდე მას ეპატრონეთ, გთხოვთ. 

რაც შეეხება ჩემს მთავარ სათხოვარს თქვენთან, ის ისევ უცვლელი რჩება: არასოდეს, არასოდეს არ დანებდეთ! [საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე]. თქვენი ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე. 20 ივნისი, სტამბოლი“, - აღნიშნულია წერილში.  

თემურ ქათამაძე თავდაპირველად ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან საპროტესტო აქციისას 2025 წლის  11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ის იზოლატორიდან გამოსვლისთანავე დააკავეს და შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში იმყოფებოდა. შემდეგ კი საქართველოდან გააძევეს.