უკრაინა სამშვიდობო გეგმას ხვალ, 9 დეკემბერს დაასრულებს და შემდეგ აშშ-ში გაგზავნის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ომის შესაძლო დასრულების მიმართულებით პროგრესია.

"მრჩევლები იმუშავებენ გეგმის უახლეს ვერსიაზე, რომელიც უმეროვმა მოიტანა. ევროპელი მრჩევლები უკრაინაში არიან. ვფიქრობ, გეგმა ხვალ მზად იქნება, ჩვენ მას კიდევ ერთხელ განვიხილავთ და შემდეგ შეერთებულ შტატებს გავუგზავნით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამერიკის შეერთებულ შტატებს სამშვიდობო გეგმა ოფიციალურად ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია, თუმცა დასავლური მედიის ცნობით, მისი საწყისი ვერსია 28 პუნქტს შეიცავდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, გეგმა უკრაინის მიმართ მკაცრ მოთხოვნებს შეიცავდა. კერძოდ, ის კიევს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დათმობისკენ მოუწოდებდა.

გარდა ამისა, სავარაუდოდ, გეგმა უკრაინის ნატოში გაწევრიანების აკრძალვას მოიცავდა - ქვეყანას თავისი ნეიტრალური სტატუსის იურიდიულად განმტკიცება მოუწევდა.

დღეს, 8 დეკემბერს, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა ლონდონში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას ხაზი გაუსვეს "სამართლიანი და ხანგრძლივი“ მშვიდობის აუცილებლობას.

Bloomberg-ის ცნობით, ევროპელი ლიდერები ცდილობენ ზელენსკი დაარწმუნონ, რომ არ დათანხმდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დონბასიდან გაყვანის შესაძლო შეთანხმებას აშშ-ის მხრიდან საიმედო უსაფრთხოების გარანტიების გარეშე.