საქართველოში ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება. არჩევნებზე ერთმანეთს 6 კანდიდატი უპირისპირდება.
"ნიუპოსტი” დაინტერესდა თავმჯდომარეობის კანდიდატების შეფასებებითა და ხედვებით, რომლებიც ადვოკატთა ასოციაციაში არსებული მდგომარეობას, ასოციაციის 8 წლიან მუშაობას, ასოციაციაში ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალობასა და ასოციაციაში ერთპიროვნულ მმართველობას შეეხებოდა.
"ნიუპოსტმა” მხოლოდ ასოციაციის თავმჯდომარეობის ერთადერთ კანდიდატთან, ირაკლი ჩომახაშვილთან მოახერხა გასაუბრება. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მუხრან ღურწკაიამ ,,ნიუპოსტის” სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, ირაკლი ყანდაშვილმა კი ჟურნალისტთან საუბარი არ ისურვა, ამიტომ კითხვები ყანდაშვილის ნაცვლად, მისი გუნდის წევრს, კახა კოჟორიძეს დავუსვით, რომელიც მანამდე, ,,ლელოს” მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ არჩევნებში მუხრან ღურწკაიასა და ირაკლი ყანდაშვილს ხელისუფლება ლობირებს, ხოლო ირაკლი ჩომახაშვილი ოპოზიციურ კანდიდატად ითვლება.
• ასოციაციის 8 წლიანი მუშაობის შედეგები
ყანდარაშვილის გუნდის წევრი კახა კოჟრიძე, რომელიც ,,ლელოს” მაჟორიტარობის კანდიდატობიდან ხელისუფლების ლობირებული კანდიდატის გუნდის წევრი გახდა, აცხადებს, რომ ადვოკატთა ასოციაცია, ბევრ საკითხთან მიმართებით უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო, უფრო აქტიური პოზიცია უნდა დაეკავებინა ადვოკატის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით და ასოციაციის წევრებთან აქტიური კომუნიკაცია უნდა დაემყარებინა. თუმცა აქვე ამბობს, რომ არ იყო მმართველობის პროცესებში ჩართული და ეს ყველაფერი მისი, როგორც რიგითი ადვოკატის ხედვაა.
ოპოზიციონერ კანდიდატს, ირაკლი ჩომახაშვილს მიაჩნია, რომ ადვოკატთა ასოციაციას ბევრ საკითხზე უნდა ჰქონოდა მნიშვნელოვანი და პრინციპული პოზიცია, მაგალითად, ადვოკატების დევნის, მათი უფლებების დარღვევის, ადვოკატების გაუარესებული სოციალური და სამართლებრივი მდგომარეობისა და ზოგადად, ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ.
,,ჩვენ ამ ყველაფერზე ჩვენი პოზიცია უნდა გვქონოდა, განსაკუთრებით, 2019 წლის შემდეგ, ასოციაცია ჩართული არ იყო არცერთ შესაბამის საქმიანობაში, რამაც შედეგად ადვოკატების უფლებების გაუარესება გამოიწვია” - განაცხადა ჩომახაშვილმა.
• ერთპიროვნული მმართველობა ასოციაციაში
ყანდარაშვილის გუნდის წევრი კახა კოჟორიძე ,,ნიუპოსტის შეკითხვაზე არის თუ არა ერთპიროვნული მმართველობა იურისტთა ასოციაციაში? პირდაპირ პასუხს თავს არიდებს. ყანდაშვილის ფლანგი არ გამოხატავს პრეტენზიებს ადვოკატთა ასოციაციის მმართველობის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ასოციაცია ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა და მიმდინარე მოვლენების ფონზე დუმილის რეჟიმში მუშაობს.
დამატებით, ადვოკატ ნუგბარ როსტიაშვილთან დაკავშირებულ შეკითხვაზე, რომელიც კენჭს მშობლების, ციცინო ცხვედიანისა და ზურაბ როსტიაშვილის ადგილმონაცვლედ იყრის, ამბობს, რომ ,,ეს გოგო თავისი საქმის პროფესიონალია და უნდა იყოს თუ არა ეს კონკრეტული ადვოკატი აღმასრულებელ საბჭოში, ამაზე გადაწყვეტილებას ადვოკატები იღებენ, სხვა არავინ. ადვოკატები მას ან აირჩევენ, ან არ აირჩევენ.
ყანდარაშვილის გუნდის წევრს მიაჩნია, რომ ამ არჩევნების მაღალ დონეზე გამჭვირვალედ და ობიექტურად ჩასატარებლად ნაბიჯები უკვე გადადგმულია - საარჩევნო ყუთებთან დამონტაჟებული იქნება ლაივკამერები და ყველას ექნება მონიტორინგის საშუალება.
"განსხვავებით პოლიტიკური არჩევნებისგან, სადაც ამომრჩეველი 3 მილიონზე მეტია, აქ 6 ათასი მოქმედი ადვოკატია, აქედან არჩევნებზე ნახევარი მოდის ხოლმე, შესაბამისად, იმის ალბათობა, როგორც ერთ-ერთი კანდიდატი ამბობდა ხოლმე, რომ თითქოსდა ნაბიჯები იდგმება, რომ გაყალბდეს და ა.შ. მე ასეთ განცხადებებს არ მივესალმები.
ცხადია, კრიტიკის ობიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ორგანიზაცია, მათ შორის, ადვოკატთა ასოციაცია, უბრალოდ, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ დაუსაბუთებელი კრიტიკა აზიანებს იმ პროფესიას, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით. ამდენად, კრიტიკა უნდა იყოს არგუმენტირებული და ფაქტებზე დაფუძნებული, ამ შემთხვევაში, ასე არ იყო”, - აღნიშნა კოჟორიძემ.
სამთავრობო, პროპაგანდისტულ მედიაზე თვალის გადავლებაც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ ირაკლი ყანდაშვილის საარჩევნო აქტივობებს აქტიურად აშუქებს და ლობირებს სამთავრობო პროპაგანდოსტული მედია, ეს მაშინ, როცა სხვა თავმჯდომარეობის კანდოდატებს საერთოდ არ იმჩნევს, თითქოს არც კი არსებობენ.
"ნიუპოსტის” კითხვაზე: როცა საუბრობს არჩევნების ობიექტურად ჩატარებაზე, უქმნის თუ არა უხერხულობას ის, რომ სახელისუფლებო არხებზე ,,რუსთავი 2”-ზე ,,პოსტ ტვ”-ზე და ,,იმედზე” ირაკლი ყანდაშვილის სასარგებლოდ აქტიური კამპანია მიმდინარეობს, კოჟორიძე ამბობს, რომ ,,იმედის”, ,,პოსტ ტვ-ს” და ,,რუსთავი 2-ის” გავრცელებული ქარდები ირაკლი ყანდაშვილის გამოსვლიდან ამოჭრილი ციტატებია, რომელიც მან 6 დეკემბერს მისასალმებელი სიტყვისას განაცხადა.
"იმედის“ ქარდზე წერია, რომ ირაკლი ყანდაშვილმა განაცხადა - ის უნდა იყოს ყველას თავმჯდომარე, ყველაფრის მიუხედავად, ვის რა პოლიტიკური გემოვნება აქვს, რა ტიპის საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა. ეს, ჩემი შეფასებით, სწორია და მე ამ განცხადებას მხარს ვუჭერ. თუკი ,,იმედმა” ეს გააზიარა, მე ამ განცხადებისადმი მხარდაჭერას ვერ შევწყეტ, რადგან სწორია! თუ მე, კახა კოჟორიძეს ვინმე კითხვას მისვამს, მიმაჩნია თუ არა რომ "იმედი” ხშირად არის ხოლმე პროპაგანდის საშუალება, ამ კითხვაზე მე გიპასუხებთ, რომ კი ბატონო, - არის! და შესაძლებელია, ამ შემთხვევაში, თავისი პოლიტიკური მიზნები ჰქონდეს რომელიმე მედიასაშუალებას, მათ შორის, ტელეკომპანია „იმედს”, მაგრამ მე მინდა, რომ საკითხები გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. ჩემი თხოვნაა, რომ ზუსტად ისე დაიდოს ჩემი კომენტარი, რასაც ვამბობ - შინაარსი ტექსტისა უნდა გავმიჯნოთ მთქმელისგან. რაღაც მოსაზრება სწორია თუ არასწორი, იმის მიხედვით კი არ ვწყვეტ, ვინ თქვა ეს, არამედ თავად მოსაზრება, თავად ამბავი არის თუ არა ობიექტურად სწორი და მიზანშეწონილი. ამ შემთხვევაში, როცა ირაკლი ყანდაშვილი ამბობს, რომ ის ყველას თავმჯდომარე იქნება, იმის მიუხედავად , ვინ იქნება მისი მხარდამჭერი თუ მოწინააღმნდეგე, ვინ იქნება აქტიური და პასიური, ვინ იქნება რომელიმე პოლიტიკური გუნდის მხარდამჭერი, მხოლოდ იმიტომ რომ ირაკლის ეს ნათქვამი "იმედმა” გააზიარა, მე ვერ ვიტყვი, რომ ეს პოზიცია არ მომწონს”, - აღნიშნა კოჟორიძემ.
კახა კოჟორიძე ირაკლი ჩომახაშვილის კრიტიკის გამო ასევე უპირისპირდება სამთავრობო პროპაგანდისტულ ტელეკომპანიას ,,პოსტ ტვ“ და იდეურ მხარდაჭერას უცხადებს ირაკლი ჩომახაშვილს. ,,პოსტ ტვ-მ“ ოპოზიციონერი კანდიდატის, ირაკლი ჩომახაშვილის მიმართ ბრალდებებს სპეციალური სიუჟეტი მიუძღვნა და სინდისის პატიმრებისა და პოლიტიკოსების ადვოკატობის გამო გააკრიტიკა.
კახა კოჟორიძისთვის ყოვლად მიუღებელია, ადვოკატის კრიტიკა იმის გამო, რომ ის აქციის მონაწილეებს იცავს და ამბობს, რომ კლიენტის ადვოკატთან გაიგივება დაუშვებელია.
"მე თავად ვარ ჩართული ამ საქმეებში, მე ვარ ვეფხია კასრაძის ადვოკატი ... და რომც არ ვიყო ვეფხიას ადვოკატი და ამ საქმეებში ჩართული აქსიომატური ჭეშმარიტებაა, რომ კლიენტის ადვოკატთან გაიგივება დაუშვებელია.
მე ვამაყობ, რომ ვეფხიას ადვოკატი ვარ და ვარ მაგ პროცესებში ჩართული…. ადვოკატის კრიტიკა, ამას რატომ იცავს, არის არასწორი საერთშორისო სტანდარტის საწინააღმდეგო, ისევე როგორც ექიმს ვერ დავადანაშაულებთ, რატომ გაუკეთა დამნაშავეს ოპერაცია ასევე, ადვოკატის კრიტიკა - რატომ დაეხმარა ამა თუ იმ ადამიანს, წარმოუდგენელია.
ეს არის კონსტიტუციური უფლება და ამ უფლებით სარგებლობდნენ ადამიანები ჩვენს წელთაღრიცხვამდე და 21-ე საუკუნეში ამის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, წარმოუდგენელია და ცალსახად არასწორია” - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
ირაკლი ჩომახაშვილს არ სურს პერსონალიებზე საუბარი, მაგრამ მიაჩნია, რომ დაუშვებელია, როცა ერთი და იგივე სახეები ჯერ აღმასრულებელ საბჭოში იყვნენ, მერე ასოციაციის სხვა სტრუქტურაში გადავდინენ ერთი მოწვევით და შემდეგ ისევ აღამსრულებელ საბჭოში დაბრუნდნენ.
"ჩვენ მზად ვართ არსებული რეალობის აბსოლუტურად შესაცვლელად. ჩვენ, ინდივიდუალურად ყველამ ჩვენს თავზე გადავიტანეთ, თუ რას ნიშნავს იყო მარტო, როგორც ადვოკატი. ისინი უნდა მიხვდნენ, რომ სხვებს დაუთმონ გზა. ფაქტია, რომ ადვოკატის სასიკეთოდ არცერთი საკანონმდებლო ინიციატივა არ გასულა. ისიც ფაქტია, რომ ადვოკატების მდგომარეობა უარესდება” - განაცხადა ჩომახაშვილმა.
• ასოციაციის ფინანსური გამჭვირვალობა
კახა კოჟორიძე ისე აფასებს ასოციაციის გამჭვირვალობის ხარისხს, რომ დაზუსტებული ინფორმაცია არ გააჩნია ქვეყნდება თუ არა ასოციაციის ფინანსური ანგარიშები, მაგრამ ირწმუნება, რომ ,,არის და იქნება გამჭვირვალობის მხარდამჭერი”.
,,გამჭვირვალობა არის პრინციპი, რომელიც უნდა ჰქონდეს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულ ნებისმიერ ორგანიზაციას”, - განაცხადა კოჟორიძემ.
ოპოზიციონერი კანდიდატი, ირაკლი ჩომახაშვილი აცხადებს, რომ ასოციაციაში კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობა უნდა არსებობდეს და მისი გუნდი უზრუნველყოფს ამ გამჭვირვალობას - რაში იხარჯება კონკრეტული თანხები და ა.შ.
"ჩვენ სარევიზიო კომისიაში 4 კანდიდატი გვყავს წარდგენილი, რომლებიც ვალდებულნი არიან რევიზია ჩაუტარონ ასოციაციას, ცხადია, 14 დეკემბრის შემდეგ და კომპეტენტურად ჩაატარონ რევიზია”, - აღნიშნა მან.
