"კოალიცია ცვლილებისთვის" ამუშავებს ათამდე სხვადასხვა საერთაშორისო მიმართულებას, თუ როგორ უნდა აგოს ივანიშვილმა პასუხი საერთაშორისო სამართლის წინაშე, როგორც 2023-24 წლებში, ასევე წარსულშიც, ადამიანების სისტემურ წამებაზე, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, დიდმა პალატამ დაადასტურა, რომ 2019 წლის 20 ივნისს ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა აწამა ადამიანები და არ გამოიძია წამების არცერთი ფაქტი.

"დიდმა პალატამ დაადასტურა, რომ 2019 წლის 20 ივნისს ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა აწამა ადამიანები და არ გამოიძია წამების არცერთი ფაქტი. ასევე, დადგინდა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, რაც ნიშნავს, რომ სასამართლომ არ უზრუნველყო წამების ფაქტებზე ეფექტური მართლმსაჯულება.  

ადამიანების წამების და შემდეგ ამ წამების არგამოძიების პროცესში ჩართული იყო არა რომელიმე ერთი კონკრეტული სტრუქტურა, არამედ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე პროკურატურა, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სასამართლო სისტემა და ეს ადასტურებს იმას, რომ ადამიანების წამების და შემდეგ ამ წამების არგამოძიების უკან დგას კოორდინირებული ერთიანი მცდელობა მთელი სახელმწიფო აპარატისა, რომ მიჩქმალოს წამების ფაქტები. 

რეჟიმმა 20 ივნისის შემდეგ კვლავ გააგრძელა ადამიანების წამება და გაცილებით უფრო მასშტაბური გახადა, რადგან მოგეხსენებათ, 2023-24 წლებში საქართველოში აწამეს ასობით ადამიანი.

"კოალიცია ცვლილებისთვის" ამუშავებს ათამდე სხვადასხვა საერთაშორისო მიმართულებას, თუ როგორ უნდა აგოს ივანიშვილმა პასუხი საერთაშორისო სამართლის წინაშე, როგორც 2023-24 წლებში, ასევე წარსულშიც, ადამიანების სისტემურ წამებაზე", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 20 ივნისის საქმეზე დავა სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში მოიგო.