ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა გაამკაცრებენ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, თუ ვლადიმერ პუტინი "კეთილსინდისიერად" არ წარმართავს სამშვიდობო მოლაპარაკებებს უკრაინასთან, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეს ძალიან ნათლად განაცხადა, თუმცა, ახლა აუცილებელია განვიხილოთ, თუ რა მოხდება, როდესაც ორივე მხარე, უკრაინა და რუსეთი, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდებიან.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის წინა სანქციები არაეფექტური იყო.

"რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს სანქციები ძალიან არაეფექტური იყო. ისინი მათ დაბალ დონეზე ინარჩუნებდნენ, რადგან ეშინოდათ, რომ ეს ნავთობის შიდა ფასებს გაზრდიდა“, - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა.

გასულ პარასკევს, სტამბოლში, ომის დასრულების შესახებ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელიც  დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა და თითქმის უშედეგოდ დასრულდა. რუსებმა მოითხოვეს ოთხი რეგიონისა და ყირიმის რუსულ საკუთრებად აღიარება, უკრაინის ნეიტრალური სტატუსი, რუსეთისგან რეპარაციების გადახდის მოთხოვნის შეწყვეტა და რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

მხარეები ერთადერთ რამეზე შეთანხმდნენ, არის სამხედრო ტყვეების გაცვლა ფორმულით 1000 1000-ზე.

ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ უკრაინასთან მოლაპარაკებები ჩაიშლება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე გადავა. მისი აზრით, სანქციები რუსეთის ფედერაციისთვის დამანგრეველი იქნება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონმა მოსკოვს დრო მისცა სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესის მისაღწევად, მაგრამ მოთმინება იწურება - სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.