სულ მცირე, 7–8 ქვეყანა ემზადება ახალი სანქციებისთვის, თუ დღეს პრობლემები სრულად არ იგრძნობა, ხვალ და ზეგ უკვე ოჯახის წევრებზე, შვილებზე და ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება ყველაფერი, რასაც ახლა სჩადიან, - ამის შესახებ პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

“დღეს საქართველოში აშკარად გრძელდება რუსული დღის წესრიგის განხორციელება. დანარჩენი ინსტიტუტები და სტრუქტურები, რომლებიც ფორმალურად არსებობს, მხოლოდ მისი უშუალო შემსრულებლები არიან.

ძალიან მძიმე ფაზაში შევედით განსაკუთრებით შემსრულებლებისთვის, რომელთაც, მათ შორის, პროკურატურას, კარგად უნდა გააცნობიერონ, რა როლი აქვთ ამ სქემაში და როგორ დამანგრეველი იქნება ეს გრძელვადიან პერსპექტივაში მათთვის.

ძალიან დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს მიმდინარე მოვლენებს. თავიდან, ცინიკურად აღვიქვით “პრანკერების” ინციდენტი და არც სერიოზულად მივიღეთ, მაგრამ მალევე გამოჩნდა გაგრძელება, კერძოდ, როგორ აიტაცა ეს შემთხვევა რუსულმა მედიამ და როგორ მოახდინა მისი მოდიფიკაცია.

ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ რუსული ინტერესების გამტარებლებმა დაუფიქრებლად გაიმეორეს უნიჭო და გაუგებარი ტექსტები, სადაც მთავარი მესიჯი იყო გამოძიების დაწყების მოთხოვნა, თუმცა გაუგებარია, კონკრეტულად რაზე. ამ მოთხოვნით ისინი სარჩელს შეიტანენ პრეზიდენტის და უჩა ნანუაშვილის წინააღმდეგ.

ყველაფერი ეს ცხადყოფს: რუსეთი საქართველოში მოქმედებს სრულიად ღიად. თუ პროკურატურა ახლა მართლაც დაიწყებს გამოძიებას ამ ინციდენტზე, ეს მხოლოდ გაამყარებს რუსულ გავლენას", - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, სანქციები დღითი დღე მკაცრდება.

“პარალელურად, სანქციების სისტემა უკვე მოძრაობს. ყველა ის ქვეყანა, რომელიც სანქციების დაწესებაში პიონერი იყო, უკლებლივ გადამდები ეფექტით ავრცელებს ზეწოლას. სულ მცირე, 7–8 ქვეყანა ემზადება ახალი სანქციებისთვის.

თუ დღეს პრობლემები სრულად არ იგრძნობა, ხვალ და ზეგ უკვე ოჯახის წევრებზე, შვილებზე და ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება ყველაფერი, რასაც ახლა სჩადიან.

მათ ჯერ კიდევ აქვთ უკან დასახევი გზა. ყველაფერი არ დაუკარგავთ. უნდა გააცნობიერონ, რომ რუსულ ინტერესებში ჩათრევა ისეთ სახიფათო ხვეულაში შეჰყავთ ქვეყანა და საკუთარი ინსტიტუციები, რომ აუცილებლად მოხდება კიდევ უფრო მძიმე პროცესები. არ უნდა იყო ბრმა, რომ ვერ დაინახო - რუსეთი და ივანიშვილი მოქმედებენ ერთად. თუნდაც მინიმალურ დონეზე, თუ ვინმე ცდილობს რუსულ დღის წესრიგს შეეწინააღმდეგოს, მაშინვე ცდილობენ მის დისკრედიტაციას - თუ ის, მაგალითად, არ ლაპარაკობს იმ ენით, როგორითაც ირაკლი კობახიძე, რომელიც მთლიანად ჩაჯდა რუსული დღის წესრიგის პროპაგანდაში.

დღეს „ქართული ოცნებაში“ დარჩენილია მხოლოდ ის ჯგუფი, რომელიც უპირობოდ შეასრულებს ანტისახელმწიფოებრივ დავალებებს. ეს იქნება ბოლო შემადგენლობა, რითაც "ქართული ოცნება" დაასრულებს თავის პოლიტიკურ არსებობას", - განაცხადა ბესელიამ.