არ არსებობს არანაირი მიზეზი, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 8 მაისამდე გადაიდოს მხოლოდ იმისთვის, რომ დიქტატორმა ვლადიმერ პუტინმა „გამარჯვების დღის“ აღლუმზე სიჩუმე უზრუნველყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპანტებმა ჩერკასის რეგიონში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას "შაჰედებით“ დაარტყეს, ეს კი რუსეთის მიმართ ომის დასრულებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაწყების მოთხოვნის ფონზე მოხდა.

"ანუ ყოველი ახალი დღე არის ახალი, ნათელი დასტური იმისა, რომ რუსეთს ზეწოლა სჭირდება და შესამჩნევი ზეწოლა, რათა ისინი, იქ, მოსკოვში, იძულებული იყვნენ დაასრულონ ეს ომი - ომი, რომელიც მხოლოდ რუსეთს სჭირდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინა კვლავ მზადაა რაც შეიძლება სწრაფად ითანამშრომლოს ყველა პარტნიორთან, რომელსაც შეუძლია მშვიდობის დამყარებასა და უსაფრთხოების გარანტირებაში დახმარება, 11 მარტს კი ქვეყანა დათანხმდა ამერიკულ წინადადებას სრული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, კიევმა ასევე შესთავაზა მოსკოვს, შეეწყვიტა სამოქალაქო სამიზნეებზე თავდასხმა ან გაეხანგრძლივებინა "სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტის“ რეჟიმი მინიმუმ 30 დღით, მაგრამ რუსეთმა უარყო ასეთი იდეები და ახლა ცდილობს შეერთებული შტატების მოტყუებას.

"ახლა მანიპულაციის კიდევ ერთი მცდელობაა: რატომღაც ყველა 8 მაისამდე უნდა დაელოდოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეწყვიტოს ცეცხლი პუტინმა, რომ აღლუმის დროს დუმილი უნდა უზრუნველყოს. ჩვენ ვაფასებთ ადამიანების სიცოცხლეს და არა აღლუმებს. სწორედ ამიტომ გვჯერა, მსოფლიო მიიჩნევს, რომ 8 მაისამდე ლოდინის მიზეზი არ არსებობს", - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, მხოლოდ სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით შეიძლება რეალური დიპლომატიის საფუძველი გახდეს.

"რუსეთმა იცის, რა უნდა გააკეთოს და როგორ უპასუხოს - ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელია. და ჩვენ გვჯერა, რომ მსოფლიოს ზეწოლა, ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლა რუსეთს საჭირო რეაგირებისკენ უბიძგებს“, - აღნიშნა მან.

28 აპრილს ვლადიმერ პუტინმა 8-დან 10 მაისამდე ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. მას სურს, რომ ამ პერიოდში ყველა საომარი მოქმედება შეწყდეს.

თეთრმა სახლმა უკვე უპასუხა მისი ინიციატივას. თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლევიტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს მუდმივი მშვიდობა და არა რამდენიმედღიანი ზავი.