მოძალადეს ბოდიშს არ უხდიან, ეს მინდა, იცოდეთ ჩემი განწყობის დასადგენად, - ამის შესახებ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

"რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, სიმართლე გითხრათ, პირველი დღიდან, როცა ეს გაჟღერდა ვერ ვხვდები, რას ნიშნავს ჩადენა. იმიტომ რომ, რა ვიცი, ბუნებით კრიმინალი არა ვარ და ყველაფერი, რაც კრიმინალთან არის დაკავშირებული მძაგს, ატანა არ მაქვს. უნდა დაგეგმო, თუ ახალი დანაშაული უნდა ჩაიდინო, უნდა დაგეგმო ხო?! ან თუ ახალი დანაშაულის ჩადენა შემიძლია, საპატიმროში რატომ არ შემიძლია?! ვერ ვხვდები ამას. უნდა დაგეგმო ახალი დანაშაული, ან უნდა ჩაიდინო, ან უნდა დაგეგმო...

ერთადერთი, ვიცი, რომ პატიმრობაში თუ არ ვიქნები, ზუსტად ვიცი, რას გავაკეთებ, დანაშაულს არ ჩავიდენ, იმიტომ, რომ არა, რომ ვარ კრიმინალი. მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ ქვეყნის ევროინტეგრაციისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის, ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებ და ეს თუ არის დანაშაული, მაშინ ალბათ, უნდა დამაკავონ. ევროინტეგრაციისა და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებისთვის ყველაფერს გავაკეთებ", - განაცხადა ამაღლობელმა.

სასამართლომ მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. მომდევნო სასამართლო პროცესი 8 მაისს გაიმართება.