ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს.

"ხაზგასმით ვამბობ, რომ უახლოეს მომავალში თბილისში ჩამოსვლას არ ვაპირებ და აქ არაფერი გასაკვირი არ არის.

მე არ ვთვლი, რომ დღეს "ოცნებას" აქვს რესურსი, მე დამიჭიროს. მიუხედავად იმისა, რომ იქ ერთი საქმეა აღძრული, გამოძიება მიმდინარეობს, მეორე საქმეა აღძრული, იქ ხმები მომდის, რომ კიდევ რაღაც სხვა საქმეების გამოძიების პროცესი გააქტიურებული აქვთ, მე არ ვთვლი დღეს, რომ "ოცნებას" აქვს რესურსი გიორგი გახარია დააპატიმროს, მაგრამ იმის რესურსი "ოცნებას", რომ შემიზღუდოს პარტიული და პოლიტიკური საქმიანობა მაშინ, როდესაც საქართველოში ვიქნები, აქვს.

ვგულისხმობ იმას, რომ მატარონ სხვადასხვა საქმეების დაკითხვებზე, შექმნან ამისგან რაღაც პიარული თემები, შემდგომ შემიზღუდონ ქვეყნის დატოვება, შემიზღუდონ მობილობა და ა.შ. ფაქტია, რომ დღეს "ოცნებას" აქვს საჭიროზე ბევრი რესურსი იმისთვის, რომ ჩემ პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვაში ბერად უფრო ეფექტური იყოს მაშინ, როდესაც მე ვიქნები თბილისში", - განაცხადა გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში.

მისივე თქმით, გერმანიაში ბინადრობის უფლება მიიღო, რომელიც იმისთვის სჭირდება, რომ პროცედურების დაცვით შეძლოს ევროპაში ხანგრძლივი საქმიანობა.

"ეს არის უბრალოდ ხანგრძლივი ვიზა, რაც ფორმალური პროცედურების დაცვით ევროპაში ხანგრძლივი მუშაობის შესაძლებლობას მაძლევს. მე არ ვგულისხმობ სამსახურის ძებნას - მუშაობას პარტიის, ქვეყნის, მათ შორის, ექსპერტულ ინტერესებში. ჩვენ საექსპერტო წრეებთან ერთად პროექტს ვამზადებთ, რომელიც სულ მალე ცნობილი გახდება.

არცერთ შემთხვევაში ეს არ არის პოლიტიკური თავშესაფარი, ჩვენ არ ვსაუბრობთ პოლიტიკურ თავშესაფარზე. ამისგან უნდათ რაღაც მითის შექმნა. ეს არის მუშაობის უფლება, ეს მუშაობაც პირდაპირ დაკავშირებული იქნება საქართველოსთან, ქვეყნის ევროპულ მომავალთან და ეს მუშაობა იქნება დაკავშირებული ექსპერტულ საქმიანობასთან ევროინტეგრაციის და ევროკავშირის გაფართოების, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით. ყველაფერი იქნება საქართველოს ირგვლივ“, - განაცხადა გახარიამ.