ყველაფერი, რისკენაც საქართველო წლების, ათწლეულების განმავლობაში მიისწრაფოდა, ახლა სასწორზე დევს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელმა მაიკლ კარპენტერმა "ამერიკის ხმასთან" განაცხადა.

"სასწორზე საქართველოს დემოკრატია, ქვეყნის მომავალი დევს. ის, რასაც ქუჩებში ვხედავთ, შემაძრწუნებელია. ძალადობა, მთავრობის მიერ დაფინანსებული მოქმედი პირების გამოყენება, ე.წ. ტიტუშკები, რომლებიც დემონსტრანტებს, ჟურნალისტებს, სტუდენტებს სცემენ, ეს შემაძრწუნებელია. ეს არაა იმგვარი მოქმედება, რაც დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა ვიხილოთ.

ყველაფერი, რისკენაც საქართველო წლების, ათწლეულების განმავლობაში მიისწრაფოდა: მომავალი ევროკავშირში, მომავალი ნატოში, უსაფრთხოება, კეთილდღეობა, ევროპასა და დასავლეთთან ინტეგრაცია, ეს ყველაფერი ახლა სასწორზე დევს. ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას", - განაცხადა კარპენტერმა.