"მომესმა თუ ნამდვილად იმაზე იყო საუბარი, რომ ამ აქციების დროს პოლიციელების მხრიდან რაღაც მიუღებელი მოქმედება ხორციელდებოდა ჟურნალისტების მიმართ?! მეუცნაურა ნამდვილად, იმიტომ რომ, კვირების მანძილზე პოლიციელები იცავდნენ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და სიმშვიდეს, რომ რევოლუცია არ მომხდარიყო", - ასე მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ნინო წილოსანმა სახალხო დამცველს, რომელმაც პარლამენტში ანგარიში წარადგინა და ისაუბრა მათ შორის ჟურნალისტთა უფლებების დარღვევაზე.

"პოლიციელებზე ხდებოდა თავდასხმა პიროტექნიკის, ცივი იარაღის და ცეცხლსასროლი საშუალებებით. ამის მიღმა პოლიციელები უდიდესი ფსიქოლოგიური და ემოციური სტრესის ქვეშ იყვნენ თითოეული დემონსტრანტის და მათ შორის იმ ჟურნალისტების მხრიდან, ვისზეც თქვენ საუბრობთ. თუმცა მე არცერთი ფაქტი არ მინახავს, რომ პოლიციელების მხრიდან ყოფილიყო ჟურნალისტებზე რაიმე არაკორექტული. თუ რაღაც ერთეულ შემთხვევაზეა საუბარი, ეს არ შეიძლება იყოს განზოგადებული. მათ შორის, თქვენს ანგარიშში არ ყოფილა, რომ დემონსტრანტებმა დამიზნებით ესროლეს პიროტექნიკა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს. ძალიან სამწუხაროა, რომ ერთი ჭრილით ვხედავთ ადამიანის უფლებებს“, - განაცხადა წილოსანმა.

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, 2024 წლის შემოდგომა-ზამთრის აქციებზე განსაკუთრებული აგრესიის მსხვერპლები გახდნენ ჟურნალისტები. არაერთი ჟურნალისტი თუ მედიის წარმომადგენელი დაშავდა, რამდენიმე მათგანს სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურება დასჭირდა, მათ ფიზიკურ უსაფრთხოებას და სიცოცხლეს შეექმნა საფრთხე. აქციების დაშლის პირველივე დღეს გდდ-ს წევრის მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა ჟურნალისტი გურამ როგავა, რომელსაც პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს თავს დაესხა სპეცრაზმელი.

ომბუდსმენის ინფორმაციით, ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ არცერთ დანაშაულებრივ ფაქტზე გამოვლენილი და დასჯილი არ არის შესაბამისი დამნაშავე.

მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრის (CMIS) ცნობით, 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე წლის აპრილამდე პერიოდში 172 ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ოპერატორი გახდა რეპრესიების სამიზნე. აქედან, 30 რეპორტიორი ერთზე მეტჯერ დაშავდა და დაუზიანდა ტექნიკა, ან/და დაშავდა ფიზიკურად, დაჯარიმდა ან საქმე აღიძრა მათ წინააღმდეგ. ფინანსური ჯარიმა, 5000 ლარის ოდენობით, სავალი გზის გადაკეტვის საფუძვლით, პოლიციამ 25 ჟურნალისტს გამოუწერა.