აქციებზე გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების შემადგენლობა უცნობია, მათ შორის, იმ სამედიცინო პერსონალისთვის, რომლებსაც დაზარალებულებისთვის სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიათ, -  ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, წყლის ჭავლში ქიმიკატების შერევა არარეკომენდებული პრაქტიკაა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისის სახელმძღვანელოს მიხედვითაც. 

"2024 წლის 28 ნოემბრიდან რამდენიმე ღამის განმავლობაში, მშვიდობიანი დემონსტრაციების დასარბევად "ქართული ოცნება" აქტიურად იყენებდა ქიმიურ საშუალებებს, მათ შორის ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლში შერეულ ქიმიურ გამაღიზიანებლებს. ქიმიური გამაღიზიანებლების ზემოქმედებამ დაზარალებულთა ნაწილისთვის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის ზიანი გამოიწვია.

დღემდე უცნობია რა ქიმიურ საშუალებებს იყენებდა შსს დემონსტრანტების წინააღმდეგ. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, აღნიშნულის შესახებ 2025 წლის 28 იანვარს შეკითხვით მივმართეთ შსს-ს,  თუმცა პასუხი არ მიგვიღია. 

გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების შემადგენლობა უცნობია, მათ შორის, იმ სამედიცინო პერსონალისთვის, რომლებსაც დაზარალებულებისთვის სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიათ.

საიამ ამ კითხვით ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართა, რომელმაც 19 თებერვალს გვიპასუხა, რომ სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას განხორციელებული საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში გამოყენებული ქიმიური საშუალებების შესახებ.  

ცრემლსადენი გაზის გამოყენებისას ხშირად, აქციის მონაწილეებს არ ეძლეოდათ ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა. აღნიშნულის მიზეზები იყო ძლიერი დაკვამლიანება, ცრემლსადენი გაზის ინტენსიური გამოყენებით გამოწვეული დეზორიენტაცია, გასასვლელების ბლოკირება პოლიციის მიერ, ან ხალხის რაოდენობის გამო.

წყლის ჭავლში ქიმიკატების შერევა არარეკომენდებული პრაქტიკაა გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი ოფისის სახელმძღვანელოს მიხედვითაც. 

განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ "ქართული ოცნების ხელისუფლება" მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად მსგავს უკანონო და საფრთხის შემცველ მეთოდებს მიმართავდა. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების სისტემურ, ორგანიზებულ და დანაშაულებრივ ბუნებას", - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.