"დღეს მშვიდად დავიძინებ, რადგან ადამიანს უვადო თავისუფლების აღკვეთა აღარ ემუქრება", - ამის შესახებ 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლებული ნიკა კაციას ადვოკატმა ნინო ლომინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა კაციას დაკავების შემდეგ მან არაერთი დაბრკოლება და წინააღმდეგობა გაიარა, მათ შორის სასამართლოსგან.

"რა თქმა უნდა, მე გავიარე ძალიან რთული 9-თვიანი პერიოდი, როდესაც ნიკოლოზი დააკავეს და იზოლატორში ვნახე რა მდგომარეობაში იმყოფებოდა, ჩემთვის აღმოჩნდა, ადამიანურად ძალიან შეუთავსებელი ის რეაქცია და იმის გააზრება, რომ ედავებიან ადამიანს უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება და უდანაშაულოდ ვთვლი. მე ჩემი შინაგანი რწმენა მქონდა, ჩემი პროფესიული გამოცდილება მაძლევს იმის საშუალებას ამოვიცნო ადამიანის განწყობა და ის შიშები, თუ რა დგას მის უკან...

შემდგომ უკვე არაერთი დაბრკოლება, არაერთი წინააღმდეგობა მივიღე, თუნდაც სასამართლოსგან, როდესაც მე მივმართავდი განჩინებებით მტკიცებულებების მოპოვების თაობაზე... ამის საშუალება მე არ მომეცა...

საერთო ჯამში, მტკიცებულებები რა საშუალებასაც იძლეოდა, ჩემი სამართლებრივი მოლოდინი იყო, რომ ნიკოლოზ კაცია უნდა გამართლებულიყო. ეს მოლოდინი ამ შემთხვევაში გამართლდა, თუმცა არ ვიქმნიდი ამ მოლოდინს. რა თქმა უნდა გამიხარდა. მე დღეს მშვიდად წავალ სახლში, მშვიდად დავიძინებ, ამ ცხრა თვის განმავლობაში პირველად, რომ ვიცი რომ ხვალ ადამიანს აღარ ემუქრება უვადო თავისუფლების აღკვეთა", - განაცხადა ნინო ლომინაძემ "ტვ პირველის" ეთერში. 

პროევროპული აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნიკა კაცია მოსამართლემ წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა.