კიევში წუხელ რუსული სარაკეტო დარტყმის ნანგრევების გაწმენდა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რუსებმა დედაქალაქს ჩრდილოეთ კორეის რაკეტით დაარტყეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ზელენსკის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, რუსებმა ჩრდილოეთ კორეის მიერ წარმოებული ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს, ახლა სპეცსამსახურებმა ყველა დეტალი უნდა შეამოწმონ.

"თუ ჩრდილოეთ კორეაში ამ რაკეტის წარმოების შესახებ ინფორმაცია დადასტურდება, ეს გახდება რუსეთისა და ფხენიანის ალიანსის დანაშაულის კიდევ ერთი მტკიცებულება.

ადამიანებს კლავენ და ერთად დასცინიან სიცოცხლეს – ეს მათი თანამშრომლობის ერთადერთი აზრია. რუსეთი მუდმივად იყენებს ასეთ იარაღს - რაკეტებს, არტილერიას. მაგრამ ფხენიანს მიეცა შესაძლებლობა, თავისი იარაღი უფრო მომაკვდინებელი გაეხადა რეალურ საომარ პირობებში“, - წერს ზელენსკი.

მისივე თქმით, მსოფლიოს არცერთი ქვეყანა არ უნდა დარჩეს მარტო ასეთი საფრთხეების წინაშე.

"მხოლოდ დღეს, ჩვენს ქალაქებსა და სამოქალაქო მოსახლეობაზე მასიური დარტყმის დროს, რუსულმა არმიამ გამოიყენა 200-ზე მეტი განადგურების საშუალება - რაკეტები და თავდასხმის დრონები. ამ წუთისთვის, დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი და დაიღუპა 12. ვუსამძიმრებ მათ ახლობლებს.

რუსეთზე რეალური ზეწოლა უნდა მოხდეს, რომ ეს შეწყდეს. ამ ომის დასასრულებლად საერთაშორისო დიპლომატიური ძალისხმევის ფონზეც კი, რუსეთი განაგრძობს მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვას. ეს იმას ნიშნავს, რომ პუტინს არ ეშინია.

დარტყმების სრული და უპირობო შეჩერება უნდა მოხდეს, რუსეთი კი ამას უნდა დათანხმდეს. ეს ომი სამართლიანად უნდა დასრულდეს. და ჩვენი ხალხის უსაფრთხოება ნამდვილად გარანტირებული რომ იყოს, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საჰაერო ფარი. მადლობას ვუხდი ყველას მსოფლიოში, ვინც გვეხმარება.

სახელმწიფოების თანამშრომლობამ, რომლებიც აფასებენ ადამიანებს და სიცოცხლეს, უნდა შეაჩეროს მკვლელების ალიანსები", - წერს ზელენსკი.